ჟურნალი ნომერი 5 ∘ ნანა კოკოჩაშვილი რომანტიზმი და ნიკოლოზ ბარათაშვილის „შემოღამება მთაწმინდაზედ“რომანტიზმის ხანა შეგვიძლია შევადაროთ გაზაფხულს, ახალგაზრდობას, ენერგიას და ინტენსიურ წვას, მოჭარბებულ სიმხურვალეს. ეს არის დრო, როდესაც საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, თავისუფლების ცნება ცხოვრების მამოძრავებელ იდეალად იქცა. საზოგადოებამ პირველად გაიაზრა, თუ რამდენად ღირებულია ინდივიდუალობა, თვითრეალიზება. რომანტიზმის მსოფლმხედველობამ ზეგავლენა მოახდინა მე-19 საუკუნის 20-იან წლებში მიმდინარე იმ პროცესებზე, რომლებიც ეროვნული თვითმყოფადობის აღორძინებისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის შექმნისკენ იყო მიმართული. თავისუფლებისმოყვარე ილუზიებს ევროპაში არ ეწერა აღსრულება. ნაპოლიონისშემდგომი ომების და მონარქიის რესტავრაციის პერიოდში იმედგაცრუებამ თანდათანობით „კოსმიური პესიმიზმის“ მასშტაბებს მიაღწია. რომანტიკოსის ფიქრი მუდმივად ორ პოლუსს შორის მოძრაობს – თავისუფლება (პიროვნება, რომელიც სამყაროში არსებულ ჩაგვრას უპირისპირდება, შეუძლია განერიდოს სამყაროს და მასზე ამაღლდეს) და ბედისწერა (სამყარო, თავისი გარდაუვალობის სტიქიური კანონებით). რომანტიკული ლიტერატურის წარმომადგენლები თავიანთ ნაწარმოებებში ასახავენ განსაკუთრებულ, „მაღალი“ მისწრაფებებით შეპყრობილ პიროვნებებს, რომელთა ცხოვრებაც გაჯერებულია სინამდვილის მიუღებლობასა და მაღალ იდეალებს შორის ტრაგიკული ბზარის არსებობით. რომანტიკოსებმა გაიაზრეს, რომ ადამიანის თავისუფლება დამოკიდებულია გარკვეულ გარეგან ძალებზე (გარდაუვალობის უნივერსალური კოსმიური კანონი). [ლომიძე, 2012: 114]. რომანტიზმის მიხედვით, არსებულს განსაზღვრავს არა გარეგანი, უპირატესად მექანიკური ზემოქმედება, არამედ შინაგანი აქტივობა, მის შიგნით დაპირისპირებულ ტენდენციათა და ძალთა ბრძოლა, არა გარეგანი მიზეზობრიობა, არამედ შინაგანი მიზანშეწონილობა და მიზნობრიობა. რომანტიზმის თანახმად, ყოფიერების პრინციპი ტრანსცენდირება, გარეთ გასვლაა – საკუთარი თავის გარეთ გასვლა. ტრანსცენდირება სხვადასხვა არსებულში სხვადასხვა ფორმით ხორციელდება და სწორედ ამ ფორმის შესწავლაა რომანტიკული ფილოსოფიის ძირითადი ამოცანა. რომანტიკული ფილოსოფიის თანახმად, სამყარო საფეხუროვანი, წყვეტადი და დისკრეტული ხასიათისაა, რომელშიც სხვადასხვა საფეხურს შორის იერარქიული დამოკიდებულება არსებობს. ამის მიუხედავად, რომანტიზმი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია სამყაროს განხილვა ერთიანობაშიც, ვინაიდან მის სხვადასხვა საფეხურზე ერთი და იგივე ტენდენცია, ერთი და იგივე აბსოლუტი ვლინდება, თუმცა სხვადასხვანაირი სახით. ამასთანავე არსებობს შესაბამისობა სამყაროში არსებულ მოვლენათა რიგებს შორის. მაგალითად, შელინგის თანახმად, სამყაროში არსებულ რეალურ და იდეალურ (ობიექტურ და სუბიექტურ) რიგებს შორის არსებობს გარკვეული იდენტობა. რომანტიზმის წარმოშობას ბიძგი მისცა საფრანგეთის დიდი რევოლუციის საბოლოო შედეგმა. რომანტიზმის ფილოსოფია თეიზმის პოზიციაზე დგას, თუმცა ეს არ არის ტრადიციული, შუასაუკუნეობრივი თეიზმი. მასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც არატრადიციულმა თეისტურმა თვალსაზრისებმა, ისე პანთეიზმმაც. აბსოლუტი, აბსოლუტი „მე“, რომანტიზმის მიხედვით, მსჭვალავს მთლ სამყაროს, ამიტომ ამ უკანასკნელზე საუბარი აბსოლუტის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია.
რომანტიკოსების აბსოლუტი არ არის თვითკმარი, საკუთარ თავში ჩაკეტილი და სამყაროსაგან იზოლირებული არსება. მის ყოფიერებას იგივე პრინციპი განსაზღვრავს, რაც მთელ სამყაროს: საკუთარი თავის გარეთ გასვლა, ტრანსცენდირება (უფრო ზუსტად, ეს პრინციპი იმდენად განსაზღვრავს სამყაროს, რამდენადაც იგია აბსოლუტის არსებობის პრინციპი). იმისათვის, რათა აბსოლუტმა, როგორც აბსოლუტმა იარსებოს, იგი უნდა გავიდეს საკუთარი თავის გარეთ, გაიშალოს სამყაროში და გამოვლინდეს მისი სხვადასხვა საფეხურის სახით. ამასთან, აბსოლუტი არ ემთხვევა არც ერთ კერძო გამოვლინებას. შელინგის მიხედვით, აბსოლუტი არ არის ობიექტისა და სუბიექტის სრული იდენტობა, დამთხვევა. ეს იგივეობა, როგორც შელინგი ამბობს, არ ატარებს გულგრილ ხასიათს. აბსოლუტი არის „შეკუმშული“ სამყარო, ხოლო სამყარო – გაშლილი აბსოლუტი. თავისი შინაგანი აუცილებლობიდან გამომდინარე, აბსოლუტი უნდა გაიშალოს, გადავიდეს სამყაროში და მისი ყველა საფეხურის გავლით დაუბრუნდეს საკუთარ თავს. ესაა აბსოლუტის გაგების უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც საერთოა ჰეგელთან და რომანტიკოსებთან, მათ შორის არსებული მთელი რიგი განსხვავებების მიუხედავად. სამყარო შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც თავისებური კოსმიური ენა, რომლის მეშვეობითაც შეიძლება მივწვდეთ იმას, რაც ჩვეულებრივი ენისათვის დაფარულია (შდრ. ბარათაშვილის: „მწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო...“). ბუნებრივი პროცესი, რომატიზმის თანახმად, იმართება მიზანშეწონილობის პრინციპით. ბუნების განვითარების ამოცანაა სხვადასხვა საფეხური, რომელიც, რომანტიზმის მიხედვით, შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც აბსოლუტური „მე“-ს გამოვლინების სხვადასხვა ეტაპი. [ კაციტაძე, ჯამბურია, 2012: 5] თბილისში ცნობილი „სალაყბოს“ ერთადერთ ალტერნატივად რჩებოდა წარჩინებულ ოჯახებში სალონური შეკრებები და ხელოვნებასა და საზოგადოებრივ საკითხებზე მსჯელობა. განსაკუთრებით ხშირად მოიხსენიებდნენ მანანა ორბელიანის სალონს, რომელსაც მადამ რეკამიესაც კი ადარებდნენ ხოლმე. სწორედ აქ საუბრობდნენ მწერლობაზე, ხელოვნებაზე და ტონს აძლევდნენ იმდროინდელ საზოგადოებას. 1800-იანი წლების დასაწყისიდან ასეთი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ფალავანდიშვილების, ერისთავების, ციციშვილების ოჯახები. სწორედ ამ გარემოში ჩაეყარა საფუძველი ქართულ რომანტიზმს.
საყოველთაო თავისუფლებისკენ სწრაფვის განწყობისგან არც საქართველო დარჩენილა განზე, სადაც გამოძახილი ჰქონდა პოლონეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას.
ტერმინი „რომანტიზმი“ მე-18 საუკუნეში „წარმოსახულის“, „ფანტასტიკურის“ აღსანიშნავად გამოიყენებოდა. მე-18 საუკუნიდან კი „რომანტიკული“ არაჩვეულებრივს, საიდუმლოებით მოცულს, სასწაულებრივს ნიშნავს. რომანტიზმი მიმდინარეობაა, რომელიც მთავარ ადგილს უთმობს წარმოსახვასა და გრძნობიერებას. მას სხვადასხვა ქვეყანაში თავისებური გამოვლინება ჰქონდა, თუმცა ძირითადი ნიშნები მაინც ყველგან საერთო იყო: ირაციონალურის უპირატესობა, ბუნების კულტი და ინდივიდის ემანსიპაცია.
ქართული რომანტიზმის მსოფლმხედველობრივი საფუძვლების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ფილოსოფოს სოლომონ დოდაშვილს. იგი ქართულ ენას ასწავლიდა ნ. ბარათაშვილს – მომავალ რომანტიკოს პოეტს – და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის აღზრდასა და მისი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. სოლომონ დოდაშვილს „პირველი ქართველი კანტიანელის“ სახელით მოიხსენიებენ. [როდონაია, 2012 ; 53].
ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული პოეტური აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ი. ჭავჭავაძის აზრით, ბარათაშვილის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლური (სპარსული) პოეზიის გავლენათა უარყოფასთან. როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბარათაშვილმა გეზი მისცა მთელი მე-19 ს-ის ლიტერატურის განვითარებას საქართველოში. ბარათაშვილის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი ძალზე ფართოა, ხოლო მისი სულიერი ტკივილის უმთავრესი მიზეზი ეროვნულ სინამდვილესთანაა დაკავშირებული. ნ. ბარათაშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფია დროის შედარებით მცირე მონაკვეთს მოიცავს (1833-1845 წწ.), მაგრამ ამ ხნის მანძილზე მან მსოფლმხედველობრივი და მხატვრული განვითარების უაღრესად მნიშვნელოვანი გზა განვლო. მისი ლექსები პირველად 1852 და 1858 წლებში გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში". ნ. ბარათაშვილის გენიის პირველი სრულფასოვანი გამოვლინებაა „ბედი ქართლისა" (1838), „შემოღამება მთაწმინდაზედ" (1833-1836), „ფიქრნი მტკვრის პირას" (1837) და სხვ. მისი ნაწარმოები „ცისა ფერს" (1841) უცოდველი სულის მარადიული ექსტაზური აღმაფრენის სიმბოლოა, ხოლო „სული ობოლი" (1839) და „სულო ბოროტო" (1843) მძაფრი შინაგანი განცდის გამოვლენაა. პოეტმა სწორედ ამ ბრმა ბედისწერასთან თავგანწირულ ჭიდილში ადამიანის არსებობის უმაღლესი აზრი და გამართლება დაინახა „მერანში" (1842). „მერანის" მთავარი იდეა – ადამიანის შემოქმედი სულისა და თავისუფალი ნების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა ბრმა აუცილებლობის მტრულ ძალებთან, როგორც კაცობრიობის ისტორიის ჭეშმარიტი აზრი და გამართლება.
ნ. ბარათაშვილის ლექსები ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია მის თხზულებათა რამდენიმე ავტოგრაფიული კრებული.
განსახილველად ავიღეთ ნ. ბარათაშვილის ლექსი „შემოღამება მთაწმინდაზედ“, რადგან იგი რომანტიკული პოეტური ესთეტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. როგორც ეს რომანტიკოსებს სჩვევიათ, პოეტსაც იტაცებს ბუნების მდუმარება, სიჩუმე, „დისკოგადახრით მოარული მთვარე!“ მარტოობის, მიუსაფრობის განცდა ბრწყინვალე ოსტატობითაა გადმოცემული. ჭაბუკი პოეტის ეს ლექსი რომანტიკულად გაგებული ბუნების შესანიშნავ სურათს იძლევა და მასში იხატება მისი შემქმნელი რომანტიკოსი მგოსნის სული.
პოეტს სულიერი განვითარების გზა საძიებელი გაუხდა, ყოველი ამქვეყნიური მისთვის წარმავალი შეიქმნა, ერთადერთი ბუნება დარჩა მარადიული, მდგრადი, და სწორედ ის აღმოჩნდა ჭაბუკი მგოსნის ფიქრების თანაზიარი. როგორც რომანტიკოსებს სჩვევიათ, გულგატეხილობისა და დაეჭვების წუთებში ბარათაშვილი ბუნებაში ეძიებს თანაგრძნობას, მის წიაღში ცდილობს ნაღველის გაქარვებას, მას შესჩივის თავის მწუხარებას, თავის ფიქრებს მას უმხელს, გულს უშლის. ჩვენ შეგვიძლია გავავლოთ პარალელი ბაირონთან. ორივეს უყვარდა ბუნება და მასთან განმარტოება. ქართველ რომანტიკოსს სჩვევია ნაცნობ ადგილებში სიარული და წარსულის გახსენება. ეს ყოველივე გადმოცემულია მის ლექსებში „ფიქრნი მტკვრის პირას“ და „შემოღამება მთაწმინდაზედ“. რომანტიზმში მოვლენათა სამყარო ადამიანის „მე“-ს აქტივობის და მიღმური სამყაროს ზემოქმედების შედეგად ჩნდება. ადამიანი, თავისი ქმედებებით, გავლენას ახდენს მოცემულ გარემოზე. სამყაროს ამგვარ თანაშექმნას გერმანულ იდეალიზმში ტრანსცენდენტალური კონსტრუირება ეწოდება. ქართულ რომანტიზმშიც იკვეთება ასეთი მსოფლმხედველობა და ამას ემატება ის, რომ ბუნება ასევე ხდება ლირიკული გმირის თანაზიარიც. ლექსში „შემოღამება მთაწმინდაზედ“ ვკითხულობთ:
„მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!“
[...]
„და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ!“
ეს სევდა განპირობებულია იმით, რომ რომანტიკოსი ესწრაფვის მიღმურს, აბსოლუტურს, თუმცა თავისი ადამიანური სასრულობის გამო არასდროს ძალუძს მისი მიღწევა. რომანტიზმის მიხედვით, უმაღლეს არსებად მიჩნეულ ადამიანს მაღალი იდეალები ამოძრავებს და მისი მიზანი უსასრულობისკენ ლტოლვაა.
ამ ხედვას სწორედ ზემოხსენებული ლექსი წარმოაჩენს:
„ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,“
[...]
„მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,
გულისთქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფს, რომ დაშთოს აქ ამაოება...
მაგრამ ვერ ჰსცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!“
ამ ლექსში ყველაფერი ქვევიდან ზევით, მიწიდან ცისკენ არის აზიდული. ზეცისკენ თვალმიპყრობილ პოეტს საოცარი სანახაობა ეშლება თვალწინ, მაგრამ პოეტის მიზანი მხოლოდ პეიზაჟის გარეგნული აღწერა არაა. როგორც ვხედავთ, იგი ბუნების წიაღიდან ზეცას, ლაჟვარდს შეჰყურებს, რომელიც მისთვის იდეალური სინამდვილეა, მიღმა სამყაროს გამოკრთომაა. პოეტი განიცდის ამაოებას, რადგან, მისი აზრით, ადამიანი განწირულია მატერიალურ და მდაბალ სინამდვილეში არსებობისთვის. რომანტიკოსს არსებობის მიზანი უსასრულობაში, გრძნობადი სამყაროს მიღმა ეგულება და კარგად ესმის, რომ ის მიუწვდომელია. ამავე დროს, არ შეუძლია, რომ ამ მიუღწეველი მიზნისკენ არ ილტვოდეს.
რომანტიკოსებისთვის დამახასიათებელი იყო სულის პოეზია, მაღალი იდეალების სიყვარული, ტოტალურობის აღქმა. არც ნ. ბარათაშვილია გამონაკლისი. მისი აზრით, ზეციური ძალის წვდომა ჩვეულებრივ მოკვდავს არ შეუძლია. პოეტი შვებას წარმოსახვის მეშვეობით ციურთან მიახლოებაში განიცდის.
რომანტიკოსის სევდის მიუხედავად, ლექსი ოპტიმისტურად მთავრდება. ბარათაშვილს იმედი აქვს, რომ მისი წუხილი განქარვდება, ის მიაღწევს თავის საწადელს და „ გათენდება დილა მზიანი“.
რომანტიზმის ეპოქის კრიტიკოსებისთვის კონცეპტუალურად პრიორიტეტული იყო ჟანრული ფორმების გააზრება ინდივიდუალური პარამეტრების კონტექსტში. რომანტიკოსებისთვის მნიშვნელოვანი იყო ჟანრის სულიერ-ფსიქოლოგიური ასპექტი. რომანტიზმი იყო ერთიანობა პრინციპებისა თუ აზრებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას ახასიათებდა. [რატიანი, 2009 : 25]
გამოყენებული ლიტერატურა:
1. კაციტაძე კ., ჯამბურია კ. 2012. „ქართული რომანტიზმი. ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები“. თბილისი.
2. ლომიძე. გ. 2017. რომანტიზმი. ტექსტი და კონტექსტი. „ლიტერატურული მიმდინარეობები (კლასიციზმიდან მოდერნიზმამდე)“. თბილისი.
3. ლომიძე გ. 2012. „ქართული რომანტიზმი. ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები“. თბილისი.
4. რატიანი. ი. 2009. ჟანრის თეორია რომანტიზმის ეპოქაში. „ჟანრის თეორია“. თბილისი.
5. როდონაია. ვ. 2012. რომანტიზმი – საუკუნის სავიზიტო ბარათი. „ქართული ენა და ლიტერატურა“. გამომცემლობა „სწავლანი“.
6. http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/SemoRameba.htm